Title
 
Logo Image  
 
  • ქართველოლოგია

    ქართველთმცოდნეობა, ფართო გაგებით მოიცავს ქართული კულტურის ისტორიისა და ენის შემსწავლელ ყველა ჰუმანიტარულ დარგს: ენათმეცნიერებას, ლიტერატურათმცოდნეობას, ეთნოგრაფიას, ნუმიზმატიკას, ისტორიას, ეკონომიკას, სამართალმცოდნეობას, ეპიგრაფიკას, პალეოგრაფიას, წყაროთმცოდნეობას...

    საქართველო, ძველი კოლხეთისა და იბერიის მემკვიდრე ქვეყანა, მდებარეობს ევროპისა და აზიის საზვარზე, შავი ზღვის აღმოსავლეთით, კავკასიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. ქართლის სამეფო წარმოიქმნა ჩვ. წ. აღ-მდე IV-III საუკუნეების მიჯნაზე და მან პოლიტიკური დამოუკიდებლობა დაკარგა XIX საუკუნის დასაწყისში. 1991 წლიდან საქართველო არის დამოუკიდებელი და მსოფლიოს ყველა ქვეყნის მიერ აღიარებული დემოკრატიული რესპუბლიკა. დღეისათვის იგი, ისევე როგორც წარსულში წარმოადგენს როგორც გეოგრაფიულ, ასევე ეკონომიკურ და კულტურულ დამაკავშირებელ ხაზს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის.

    გასული საუკუნის უკანასკნელი ათწლეულების ჰუმანიტარული მეცნიერების ინტერესი თანდათანობით იზრდება ქართველოლოგიის საკვანძო პუნქტების მიმართ: ქართველთა ეთნოგენეზისის პრობლემები, შუასაუკუნეების საქართველო აღმოსავლეთის და დასავლეთისკულტურულ-პოლიტიკური ურთიერთობების კონტქესტში და ქართველთა პოლიტიკური ორიენტაცია, ქართველური ფუძეენის თავისთავადობისა და ინდოევროპულ და სემიტურ ენათა ოჯახებთან მისი მიმართების საკითხები, ქართული მითოსი და ქართულ-კავკასიური სამყარო ანტიკურ მითოლოგიაში, უმდიდრესი ქართული ლიტერატურული კულტურის უშუალო თუ ტიპოლოგიური მიმართებანი ბიზანტიურ მწერლობასთან, ევროპულ რენესანსულ აზროვნებასთან, ახალ ევროპულ ლიტერატურასთან და სხვა.

    ქართველოლოგია, როგორც საქართველოს ისტორიის, ქართული ენის, ქართული ლიტერატურის, ხელოვნებისა და კულტურის სხვა დარგების შემსწავლელ დისციპლინათა კომპლექსი შედარებით ახალგაზრდა მეცნიერებაა.

    ქართველოლოგიური პრობლემების მეცნიერული კვლევა ევროპაში XVII საუკუნიდან იწყება: იტალიელი ბერების მოღვაწეობა რომში და სხვ. ამ საქმიანობას XIX საუკუნის 20-იანი წლებიდან სახელს გაუთქვამენ ფრანგი მარი ბროსე, გერმანელი არტურ ლაისტი, ინგლისელი და-ძმა უორდროპები და სხვანი. უცხოელ ქართველოლოგებს დღესაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ქართველოლოგიური პრობლემების კვლევაში და ქმნიან ჩვენი ქვეყნის მეგობართა მტკიცე წრეს, რომელიც თანადგომას უცხადებს საქართველოს მისი ძნელბედობისა თუ ზეობის ჟამს.

    დაინტერესდით ქართველოლოგიით და იგი ევროპული ცივილიზაციის უცნობ და საინტერესო სამყაროში შეგიყვანთ.

 
DESIGNED BY CSTUDIO 2009