Title
 
Logo Image  
 
  • ქართველოლოგიური საზაფხულო სკოლა


    უკვე 25 წელია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებობს ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი, რომელიც დღემდე უწყვეტად ემსახურება ქართველოლოგიური საქმიანობის უცხოეთში გატანის და საზღვარგარეთის ახალგაზრდა სამეცნიერო კადრის ქართველოლოგიით დაინტერესების საქმეს.

    ქართველოლოგიური სკოლის ცენტრის ძირითადი დამფინანსებელია ამ ცენტრის ბაზაზე შექმნილი ქართველოლოგიური სკოლის ფონდი, რომელიც არსებობს ქველმოქმედებითა და შემოწირულობებით შემოსული სახსრებით. ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი, ისევე, როგორც ”ფონდი” დაარსებულია პროფ. ე. ხინთიბიძის მიერ და დღემდე მოქმედებს მისი ხელმძღვანელობით.

    ”ცენტრი” მნიშვნელოვან პროგრამებს ახორციელებს, ესენია: სხვადასხვა კვლევითი სამეცნიერო პროექტი, საერთაშორისო სიმპოზიუმების ორგანიზება და მისი მასალების ბეჭდვა, საერთაშორისო ქართველოლოგიური საზაფხულო სკოლა, ორენოვანი ქართველოლოგიური სამეცნიერო ჟურნალი "ქართველოლოგის" გამოცემა, ზამთრის საერთაშორისო ქართველოლოგიური სკოლა და სხვ.

    უნდა ითქვას, რომ ”ცენტრის” მიერ განხორციელებულ ქართველოლოგიურ პროგრამათაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია ”საერთაშორისო ქართველოლოგიური საზაფხულო სკოლა”, რომელიც უწყვეტად ტარდება 1995 წლიდან.

    ამ სკოლის მნიშვნელობა ყოველწლიურად იზრდება და ფართოვდება. დღევანდელი მონაცემებით  სკოლის არსებობის მანძილზე, ამ სკოლაში დაახლოებით 250 უცხოელი ახალგაზრდა მონაწილეობდა - ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ინგლისიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან, ესპანეთიდან, საბერძნეთიდან, ნორვეგიიდან, შვედეთიდან, რუსეთიდან, პოლონეთიდან, ისრაელიდან, იაპონიიდან, ინდოეთიდან, ავსტრალიიდან, თურქეთიდან, ისლანდიიდან, არგენტინიდან, ჩეხეთიდან, ირლანდიიდან, ტაივანიდან, ირანიდან.

    ზოგიერთმა მათგანმა ”ცენტრში” განაგრძო სწავლა ქართველოლოგიის სპეციალობით, დღეს ისინი ცნობილი ქართველოლოგები არიან, რომელთაც შეცვალეს საზღვარგარეთ ქართველოლოგიით დაინტერესებული ძველი თაობის უცხოელი ინტელიგენცია. ბევრი მათგანი დღეს მოღვაწეობს საზღვარგარეთ, როგორც მეცნიერ-ქართველოლოგი: იაპონიაში, ინგლისში, ესპანეთში, იტალიაში: იასუჰირო კოჯიმა, ანტონი ისტმონდი, ანტონი სტობარტი, ხოსე იგნასიო მარტინესი, მარია საუნა), ქართველოლოგი-პოლიტმიმომხილველი (ამერიკა, შვედეთი, საბერძნეთი, იტალია: კელი ჰაში, რობერტ ლარსონი, ელენი სიდერი, ელეტრა ერკოლინო). ბევრი მათგანი ამ საზაფხულო სკოლით აღძრული ინტერესით თავიანთი უნივერსიტეტების მიერ სასწავლებლად ხანგრძლივად იქნა მოვლენილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (იტალია, რუსეთი: მარია საუნა, ანა რასკინა, ვასილისა კრილოვა, ანა ჩუგუნოვა, ევგენია ზახაროვა). ზოგი მათგანი ევროკომისიის მიერ იქნა დასაქმებული საქართველოში, როგორც  ამ ქვეყნის მცოდნე ექსპერტი (ინგლისი: ჯონ რაიტი). 

    საერთაშორისო ქართველოლოგიური საზაფხულო სკოლის პროგრამა უნიკალურია. სკოლა მოწოდებულია უცხოელებს ასწავლოს არა მხოლოდ ქართული ენა, არამედ მისცეს სრული ინფორმაცია ქართველოლოგიურ დისციპლინებზე და მოამზადოს მომავალ კადრად ქართველოლოგიაში. ამას ემსახურება სკოლის პროგრამა, კერძოდ: სკოლის უცხოელ მსმენელთა რაოდენობა თითოეული წლისათვის განსაზღვრულია არა უმეტეს 8-10 მონაწილით. საზაფხულო სკოლის ხანგრძლივობაა 5 კვირა. ქართული ენის სწავლების ინტენსიურ კურსს უძღვება ორი პედაგოგი და რამდენიმე ასისტენტი.

    საზაფხულო სკოლის აკადემიური პროგრამის მეორე მიმართულებაა მიმოხილვითი და პროპედევტიკული ტიპის ლექციები ქართველოლოგიის სხვადასხვა დარგში. ლექციებს კითხულობენ ცნობილი ქართველი მეცნიერები ინგლისურ ენაზე, ან სინქრონული ინგლისური თარგმანით.

    სკოლის მუშაობის ერთი ძირითადი მიმართულებაა კულტურული პროგრამა: საზაფხულო სკოლის უცხოელი მსენელები ეცნობიან საქართველოს ძველ და თანამედროვე კულტურულ ცხოვრებას, ყოველი კვირის ბოლოს დაგეგმილია ექსკურსიები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში.

    საგანგებოდაა აღსანიშნავი ქართველოლოგიური საზაფხულო სკოლის ერთი სპეციფიკა უცხოელ სტუდენტთა და სკოლის ქართველ ახალგაზრდა თანამშრომელთა საზაფხულო სკოლის მთელი მუშაობის პერიოდში, როგორც სამუშაო ასევე დასვენების დღეებში, ერთად ყოფნა: მეცადინეობები, საუზმე და სადილი, კონცერტები და სპექტაკლები. ექსპედიციები, მოგზაურობები. ქართული სიტუაცია აადვილებს ენის შესწავლას და ქვეყანასა და ხალხთან დამეგობრებას.

     

 
DESIGNED BY CSTUDIO 2009