Title
 
Logo Image  
 
  • ქართული მწერლობა აღმოსავლეთ ევროპის მეცნიერებაში

    ს ა რ ჩ ე ვ ი

    შესავალი [ე. ხინთიბიძე] - 3

    ქართული ლიტერატურა რუსულ ლიტერატურათმცოდნეობაში - 37 
    [მ. ფილინა, რ. ჭანტურიშვილი, ე. გოგიაშვილი]
       
    ქართული მწერლობა პოლონურ მეცნიერებაში - 103
    [მ. ფილინა]      

    ქართულ-უკრაინული ლიტერატურული ურთიერთობის ისტორიისათვის
    [მ. ფილინას რედაქციით]  - 134

    ქართული მწერლობა ბელორუსულ მეცნიერებაში
    [რ. ჭანტურიშვილის რედაქციით] - 155

    ქართული მწერლობა ჩეხურ მეცნიერებაში  - 160
    [მ. ელბაქიძე]

    ქართული მწერლობა სლოვაკურ მეცნიერებაში - 178
    [მ. ელბაქიძე]

    ბიბლიოგრაფიები

    ა) ქართული ლიტერატურა რუსულ მეცნიერებასა და თარგმანებში - 185
          [მომზადებულია ნ. ფორაქიშვილის ხელმძღვანელობით]

    ბ) ქართული ლიტერატურა პოლონურ მეცნიერებასა და თარგმანებში -  243
           [შედგენილია მ. ფილინას მიერ]

    გ) ქართული ლიტერატურა უკრაინულ მეცნიერებასა და თარგმანებში - 286
            [თარგმანების ბიბლიოგრაფია შედგენილია რ. ჩილაჩავას ანთოლოგიის მიხედვით]

    დ) ქართული მწერლობა  ბელორუსულ ლიტერატურასა და თარგმანებში - 312
             [შედგენილია კ. კვაჭანტირაძის სადისერტაციო ნაშრომის საფუძველზე]

    ე) ქართულ ლიტერატურა ჩეხურ და სლოვაკურ ენებზე - 316
            [შედგენილია მ. ელბაქიძის მიერ]

     

    ელგუჯა ხინთიბიძის რედაქციით

    (რეზიუმე)

    წინამდებარე მონოგრაფია "ქართული მწერლობა აღმოსავლეთ ევროპის მეცნიერებაში" რუსთაველის ფონდის - ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალურ მეცნიერებათა ფონდის საგრანტო პროექტის ფარგლებში შეიქმნა. საგრანტო პროექტი (# 030-08) ფინანსდებოდა 2008-2010 წლებში. პროექტზე დასაქმებულმა ჯგუფმა დიდი და შრომატევადი სამუშაო შეასრულა, რაც მრავალი მიმართულებით წარიმართა: ქართული ლიტერატურის შესახებ აღმოსავლეთ ევროპის ლიტერატურათმცოდნეობითი მიმართულების პუბლიკაციებში (მონოგრაფიები, კრებულები, სამეცნიერო და პოპულარული სტატიები) მოძიება მასალებისა ქართული ლიტერატურის შესახებ და ბიბლიოგრაფიების შედგენა; მოძიებული მასალის ანოტირება; მიმოხილვითი ხასიათის ნარკვევების შექმნა. საგრანტო პროექტზე მუშაობდნენ: პროფ. ე. ხინთიბიძე (სამეცნიერო ხელმძღვანელი), პროფ. მ. ფილინა, პროფ. ნ. ფორაქიშვილი, პროფ. მ. ელბაქიძე, ასისტენტ-პროფესორი ე. გოგიაშვილი, დოქტორანტები ნ. ჩაკუნაშვილი, ს. გულიაშვილი, თ. ხაფავა; ასევე დამხმარე და ხელშეკრულებით მოწვეული პერსონალი: პროფესორი ა. ჭანტურია, თსუ უფროსი ლაბორანტი ც. ვარდოსანიძე, დოქ. რ. ჭანტურიშვილი, სტუდენტი ა. კონდრატენკო.  უმთავრესი ხელის შემშლელი გარემოება, რაც პროექტზე მუშაობის პერიოდში გამოიკვეთა პოლიტიკური ხასიათისა იყო. კერძოდ, 2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად გართულებული პოლიტიკური მდგომარეობა ამ ორ ქვეყანას შორის. პროექტის გეგმის თანახმად გათვალისწინებული იყო მივლინება მოსკოვში ბიბლიოთეკებში სამუშაოდ. მიუხედავად პროექტის ხელმძღვანელის და რუსთაველის ფონდის შუამდგომლობისა, პროექტის მონაწილის რამდენიმე მიმართვა რუსეთში ვიზის გაცემაზე საქართველოში, რუსეთის საელჩოს და თვით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ უპასუხოდ დარჩა. ამ სირთულის დაძლევა საქართველოს და ევროპის ბიბლიოთეკებში დაძაბული მუშაობით მოხერხდა. პროექტის ფარგლებში განხორციელდა ორი მივლინება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში: პოლონეთში (პროფ. მ. ფილინა) და ჩეხეთში (პროფ. მ. ელბაქიძე). ძირითადი სამუშაო ბიბლიოგრაფიების შესადგენად შესრულდა ჩვენს რესპუბლიკაში და კერძოდ თბილისში: საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა, მეცნიერებათა აკადემიის ბიბლიოთეკა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა, ბიბლიოთეკები თსუ ცალკეული კათედრებისა, პირადი ბილიოთეკები (საგანგებოდ უნდა აღინიშნოს მნიშვნელოვანი სპეციალიზირებული ბიბლიოთეკები - პოლონური მიმართულებით პროფ. მ. ფილინასი და რუსული ლიტერატურის მიმართულებით პროფ. ნ. ფორაქიშვილისა).

    წინამდებარე მონოგრაფია არის გაგრძელება იმ საქმისა, რომელიც წინა საუკუნის ბოლოს ჩემს მიერ (პროფ. ე. ხინთიბიძის მიერ) იქნა დაწყებული. კერძოდ ბიბლიოგრაფიული შესწავლა და მონოგრაფიული დამუშავება იმ საქმიანობისა, რომელიც ჩატარდა ევროპის დიდ ქვეყნებში ქართული ლიტერატურის, უფრო ზოგადად - საქართველოს ლიტერატურული ცხოვრების შესასწავლად. 1994 წელს ჩრდილო ატლანტიკის ბლოკის ე.წ. "ნატოს" პრესისა და ინფორმატიკის განყოფილებამ ორწლიანი გრანტი გამოუყო ჩემს პროექტს - "ქართული ლიტერატურის შესწავლა ევროპაში." 1995-1996 წლებში ამ პროექტზე ჩემთან ერთად მუშაობდა ჩემს მიერ შექმნილი თსუ თანამშრომლების, ჩემი ასპირანტებისა თუ სტუდენტების და უცხოელი ქართველოლოგების ჯგუფი.

    კვლევის შედეგები ჩემი ვრცელი სამეცნიერო სტატიის სახით გამოქვეყნდა "ნატოს" ვებგვერდზე (www.nato.int/acad/fellow/94-96/elguja/03.htm). ჩატარებული მუშაობა იმდენად შედეგიანად ჩავთვალეთ, რომ მასზე მუშაობა მე და ჩემმა კოლეგებმა გავაგრძელეთ და 2001 წელს ინგლისურ ენაზე ამსტერდამში, ხოლო 2003 წელს ქართულად თბილისში ჩემი რედაქციით გამოიცა მონოგრაფია `ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში.~ თუ უფრო ზუსტად შევაფასებთ ეს მონოგრაფია ეხება ქართული ლიტერატურის შესწავლას დასავლეთ ევროპაში, მისი ოთხი უმთავრესი ქვეყნის გერმანიის, საფრანგეთის, ინგლისისა და იტალიის მეცნიერებების ბაზაზე. ამავე მონოგრაფიაზე მუშაობის პროცესში იმთავითვე გამოჩნდა, რომ ქართული ლიტერატურის შესწავლა და საქართველოს ლიტერატურული ცხოვრების გაშუქება აღმოსავლეთ ევროპაში სხვა მიმართულებით მიმდინარეობდა და იგი რუსული მეცნიერული ატმოსფეროს შესწავლის ირგვლივ უნდა გაერთიანებულიყო. ამიტომაც მე ამ მონოგრაფიის შესავალშივე ვწერდი: "ქართული ლიტერატურის შესახებ იწერება აღმოსავლეთ ევროპის ხალხთა  ენებზეც - ჩეხურად, სლოვაკურად, პოლონურად, ბულგარულად და ა.შ. განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, როცა ევროპა ორ პოლიტიკურ ბანაკად გადანაწილდა და აღმოსავლეთ ევროპამ ყოფილ საბჭოთა კავშირთან ერთად მჭიდრო პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ბლოკი შექმნა. ევროპის ამ რეგიონში ქართული ლიტერატურის შესწავლას ტონს აძლევს ქართულ ლიტერატურაზე რუსულენოვანი მასალა. კერძოდ: აღმოსავლეთ ევროპის ხალხთა ენებზე ქართული ლიტერატურული თხზულებების თარგმანები ძირითადად სრულდება რუსულიდან; სამეცნიერო გამოკვლევები ქართულ ლიტერატურაზე ძირითადად ასევე რუსული ენიდან ითარგმნება, ანდა რუსულენოვანი გამოკვლევების საფუძველზე იწერება; ენციკლოპედიებში ქართული ლიტერატურის შესახებ სტატიები უმრავლეს შემთხვევაში რუსულიდან ითარგმნება და სხვა. ამიტომაც ვფიქრობთ, რომ აღმოსავლეთ ევროპის ენებზე ქართველოლოგიური პრობლემატიკის დამუშავების შესწავლა რუსულენოვანი ქართველოლოგიური ლიტერატურის შესწავლას უნდა დაუკავშირდეს.”   ასე ჩაისახა იდეა ქართული ლიტერატურის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში შესწავლის მონოგრაფიულად დამუშავებისა.

    XX საუკუნის მეორე ნახევრიდან დაწყებული ქართველოლოგიურ მეცნიერებებში აშკარად გამოიკვეთა სწრაფვა ქართული კულტურის მოაზრებისა ცივილიზაციის მსოფლიო პროცესში, კერძოდ შუასაუკუნეობრივი, რენესანსული და ახალი დროის საზოგადოებრივი, რელიგიურ-ფილოსოფიური და ლიტერატურული აზრის პროცესთან ქართული სამყაროს მიმართების შესწავლისა. ქართული საზოგადოებრივ-რელიგიური და ლიტერატურული აზრის ევროპული რაობა ქართველ ინტელექტუალთა მიერ ადრევე იყო შენიშნული. მაგრამ ქართული კულტურის ამ ფენომენის ანალიტიკური გამოვლენა და მეცნიერული დასაბუთების საჭიროება მკაფიოდ დაისვა დღის წესრიგში XX საუკუნის დამლევს, ქართული სახელმწიფოს პოლიტიკური დამოუკიდებლობის აღიარებისა და ქართული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი სტრუქტურების ევროპის ხალხთა თანამეგობრობისაკენ დაუოკებელი სწრაფვის აშკარა გამოვლენის დღეებიდანვე. ქართული საზოგადოებრივი აზრის ევროპულისაკენ ლტოლვა მკაფიოდაა გამოვლენილი როგორც ისტორიული საქართველოს პოლიტიკურ კურსში, ასევე რელიგიური აღმსარებლობის მიმართულებაში და ყველაზე მეტი სიმკვეთრით კი საუკუნოვან ქართულ ლიტერატურაში. V-X საუკუნეების ქართული ლიტერატურა, ლიტერატურა იმ ქვეყნისა, რომელიც პოლიტიკურად უძლიერესი აღმოსავლური იმპერიების სპარსეთისა და არაბეთის მფლობელობაში ან გავლენის სფეროში იყო, მთლიანად დასავლური, ბიზანტიური ორიენტაციისაა. XII საუკუნის ქართული საერო მწერლობა, რომლის წინარე ანალოგს სპარსულ ლიტერატურაში ხედავენ, აღმოსავლურ, სპარსულ და არაბულ პოეტურ სტილს თავის საკუთარ ქრისტიანულ აზროვნებაში გადმოიტანს და ევროპული რენესანსული მიმართულებით განავითარებს.  მართებულადაა შენიშნული ივანე ჯავახიშვილის მიერ, რომ XVI-XVII საუკუნეების ქართულმა ინტელექტუალურმა ელიტამ მოახერხა, რომ, სპარსეთთან სამკვდრო-სასიცოცხლო პოლიტიკური დაპირისპირების პირობებში, საკუთარი  კულტურულ-ლიტერატურული სამყაროს გადასარჩენად ესარგებლა დიდი სპარსული ლიტერატურით. როგორც კი ევროპულ აზროვნებასთან ზიარების ჯერ კიდევ ბუნდოვანი გზები დაისახა (XIX ს. დასაწყისი), ქართულმა მწერლობამ რუსულის გზით ფართოდ გაუხსნა კარები ევროპულ ლიტერატურას.

    ამ ისტორიული რეალობის ფონზე ქართველოლოგიური მეცნიერებების წინაშე დღეს გადაუდებელი ამოცანა დგას: შეისწავლოს და გაანალიზოს ევროპის მიერ ქართული ლიტერატურის დანახვის, ათვისებისა და შეფასების პროცესი; დაუკვირდეს იმას, თუ როგორ ხედავს უცხო თვალი ამ ლიტერატურას; შეაჯეროს საკუთარი თვალთახედვა უცხო თვალით დანახულ სინამდვილეს; დაეხმაროს ევროპას ქართული საუკუნოვანი ლიტერატურის სულისკვეთებისა და ცალკეული ფაქტების მართებულად გაზრებაში. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ეს სწრაფვა უცხო თვალით უცხო ქვეყნის მიერ საკუთარის, საკუთარი ლიტერატურის შეფასების ცოდნისა და გათვალისწინებისა არ არის უნიკალური ქართული სამყაროსათვის. ეს ბუნებრივი პროცესია ლიტერატურათა თანაარსებობისა. ეს კულტურათა დიალოგის ერთი არსებითი ელემენტია. უფრო მეტიც, შენიშნულია, რომ კულტურათა ეს დიალოგი თავისთავად გარანტიაა თითოეული კულტურის, ჩვენს კონკრეტულ შემთხვევაში ლიტერატურის, გამდიდრებისა და წინსვლისა. ამ პროცესის გასაანალიზებლად ხშირად იმოწმებენ მ. ბახტინის აზრს: ”უცხო კულტურა მხოლოდ სხვა კულტურის თვალში გამოავლენს თავის თავს უფრო სრულად და ღრმად. ერთი აზრი თავის სიღრმეს წარმოაჩენს მეორესთან შეხვედრისას და ურთიერთობისას. მათ შორის იწყება დიალოგი, რომელიც გადალახავს ჩაკეტილობასა და ცალმხრივობას ამ აზრებისა, ამ კულტურებისა.”

    ამგვარია ის საერთო ფონი, რაც ჩვენი ეროვნული მეცნიერების წინაშე აყენებს მოთხოვნას იმისა, რომ შესწავლილი და გაანალიზებული იქნას ჩვენი კულტურის, ჩვენი ლიტერატურის დანახვა ევროპული მეცნიერების და, უფრო ფართოდ თუ ვიტყვით, საზოგადოდ ევროპელ ინტელექტუალთა მიერ. ესაა ის მიზანი, რამაც ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევა-ძიების საჭიროება განაპირობა.

    ჩემ მიერ ზემოთ მოხსენებული მონოგრაფიის ("ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში") შექმნისას დასავლეთ ევროპის ქვეყნებიდან ყურადღება გამახვილდა ოთხ ძირითადზე (გერმანია, საფრანგეთი, ინგლისი, იტალია) და ამ ქვეყნებში ქართული ლიტერატურის შესწავლის დეტალური ანალიზით შეიქმნა საერთო სურათი დასავლეთ ევროპაში ქართული ლიტერატურის შესწავლისა. ამჯერადაც ამ ახალ მონოგრაფიაზე (”ქართული ლიტერატურის შესწავლა აღმოსავლეთ ევროპაში”) აქცენტი გაკეთდა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების იმ ჯგუფზე, სადაც მკვეთრად გამოიხატა ინტერესი ქართული ლიტერატურისადმი და მისი შესწავლის თვალსაზრისითაც ბევრი გაკეთდა. ესაა სლავური ქვეყნები, კერძოდ კი - რუსეთი, პოლონეთი, უკრაინა, ბელორუსია, ჩეხეთი, სლოვაკია. ამ ქვეყნებში გასული ორი საუკუნის მანძილზე დიდი ინტერესი გამოვლინდა ქართული მწერლობისადმი და ქართული ლიტერატურული ძეგლების ამ ენებზე შესრულებულმა თარგმანებმა და ქართული ლიტერატურული პროცესის ამ ენებზე შესწავლამ, განსაკუთრებით კი რუსულ ენაზე შესწავლამ, მისცა სტიმული და ტონი ქართული ლიტერატურის საკითხების გავრცელებას მთელს აღმოსავლეთ ევროპაში და თვით მსოფლიოს სხვა დიდ ქვეყნებშიც. საკმარისია მივუთითოთ ორ ფაქტზე: ქართული კულტურული სამყაროს, მისი ისტორიის, რელიგიური ცხოვრების, ლიტერატურის პირველი სოლიდური მიმოხილვა გამოქვეყნდა რუსულ ენაზე: ევგენი ბოლხოვიტინოვი, Историческое изображение Грузии в политическом, церковном и учебном её состоянии, СПБ. 1802. ქართული ლიტერატურის შედევრის რუსთაველის ”ვეფხისტყაოსნის” პირველი თარგმანი გამოქვეყნდა პოლონურ ენაზე: კაზიმირ ლაპჩინსკის თარგმანი, ვარშავა 1863 წ. (Rustaveli Szota. Skóza Tygrysia. Podal K. Lapczynski. Biblioteka Warszawska. 1863).

    მთელი მეოცე საუკუნის მანძილზე აღმოსავლეთ ევროპაში რუსეთის ჰეგემანიით შექმნილი პოლიტიკური ბლოკის პოლიტიკით იყო გამოწვეული, რომ ქართული მწერლობის პროპაგანდა მსოფლიო მასშტაბით ძირითადად რუსული ენის მეშვეობით ხდებოდა.

    ქართული ლიტერატურის შესწავლა რუსულ მეცნიერებაში და მისი პროპაგანდა რუსულენოვანი სამეცნიერო-პოპულარული პრესით ძალზე დიდი და, ფიგურალური მნიშვნელობით თუ ვიტყვით, ამოუწურავი თემაა. საქმე ისაა, რომ XIX საუკუნის უშუალოდ დასაწყისიდანვე საქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენელი ნაწილი აღმოჩნდა და ფაქტობრივად თვით საქართველოს სინამდვილეშიც დაფუძნდა რუსულენოვანი სამეცნიერო თუ სამეცნიერო-პოპულარული პრესა. ამ თვალსაზრისით უპირველეს ყოვლისა უნდა დასახელდეს რუსულენოვანი გაზეთი «Кавказ», რომელიც 1846 წელს დაარსდა და 1918 წლამდე გამოდიოდა. იგი ერთი უმთავრესი ბეჭდვითი ორგანო იყო XIX საუკუნის ქართულ ინტელექტუალურ სივრცეში. ამ გაზეთს სხვადასხვა დროს ბევრი დამატება ჰქონდა და ზოგიერთი მათგანი საკუთრივ ლიტერატურული ხასიათისა იყო. მაგალითად: ლიტერატურული დამატება "ზურნა" (1854-55 წლები), «Литературный листок» (1864წ.), «Иллюстративное приложение к газете Кавказ» (1902-15 წლები), რომელშიც სისტემატურად იბეჭდებოდა ქართველ მწერალთა თხზულებების თარგმანები.

    ნათქვამი იმას არ ნიშნავს, რომ საქართველოში ბეჭდვითი პროდუქცია იმთავითვე რუსულენოვანი იყო. საქართველოში პირველი სტამბა 1709 წელს დაარსდა, თბილისში და მასში 1709-22 წლებში 20 ქართულენოვანი წიგნი დაიბეჭდა. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ქართულენოვანი წიგნების ბეჭდვა თვით რუსეთშიც ხდებოდა. საკმარისია იმის დასახელება, რომ პირველი ქართული სტამბა რუსეთში დაარსდა არჩილ მეფის მიერ 1705 წელს და პირველი ნაბეჭდი ქართული ბიბლია სწორედ მოსკოვის სტამბაში დაიბეჭდა 1743 წელს. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთში ქართული წიგნების ბეჭდვა რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის შემდეგაც გრძელდებოდა. საკმარისია აღინიშნოს, რომ ვეფხისტყაოსნის მეორე ბეჭდური გამოცემა პეტერბურგში განხორციელდა 1841 წელს. მაგრამ ყველაფერი ეს იყო ქართველ ინტელექტუალთა აქტივობა რუსეთის იმპერიაში (არჩილ მეფის და ვახტანგ VI ქართული კოლონიები რუსეთში), ანდა უცხოელ ქართველოლოგთა საქმიანობა (1841 წლის ვეფხისტყაოსნის გამომცემლები იყვნენ მარი ბროსე, დავით ჩუბინაშვილი და იესე ფალავანდიშვილი).

    ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ქართული ლიტერატურის შესწავლა უცხოეთში რუსულენოვანი გამოკვლევებით არ დაწყებულა. 1802 წელს ევგენი ბოლხოვიტინოვის წიგნს საქართველოს ისტორიასა და კულტურულ მემკვიდრეობაზე თითქმის ორი საუკუნით უძღოდა წინ იტალიელ მისიონერთა და მოგზაურთა პუბლიკაციები საქართველოს შესახებ. საკმარისია დასახელდეს: XVII საუკუნის იტალიაში პიეტრო დელა ვალეს, პაოლო მარია დი ფაენცას, არქანჯელო ლამბერტის მიერ საქართველოზე გამოქვეყნებული წიგნები: Pietro della Valle, Informazione della Giorgia..., Roma 1627; P.-M. di Faenza, Siencera relazione de regni della Georgia, Napoli 1621; A. Lamberti, Relatione della Colchida, hoggi della Mengrellia... Napoli 1654. იტალიაა ის ქვეყანა, სადაც იწყება ევროპული ქართველოლოგიური მეცნიერება იმავე მეჩვიდმეტე საუკუნეში. რომში 1629 წელს დაისტამბა პირველი ქართულენოვანი წიგნები; ”ქართული ანბანი”, ”ქართული და იტალიური ლექსიკონი”, ”ლიტანია ლაურეტანა” (ლოცვა ლორეტოს ნეტარი ქალწული მარიამისი). რომში 1643 წ. იტალიურ ენაზე გამოიცა პირველი მეცნიერული სახელმძღვანელო ქართული ენის შესახებ -  ფრანცისკო მარია მაჯოს ”ქართული გრამატიკა” (Maggio Francisco Maria , Syntagmata linguarum orientalium quae in Georgiae regionibus audiuntur... Romae, MDCXLIII).

    საკუთრივ ქართული ლიტერატურის მეცნიერული შესწავლა არაქართულენოვან პუბლიკაციებში ევროპაში დაიწყო. ეს იყო ფრანც კარლ ალტერის მიერ გერმანულ ენაზე 1798 წელს ვენაში გამოცემული წიგნი ”ქართული ლიტერატურის შესახებ” (Franz Karl Alter, Über georgianische Literatur, Wien 1798).

    დავუბრუნდეთ საკუთრივ წინამდებარე მონოგრაფიის საკითხს. აღმოსავლეთ ევროპაში ქართული ლიტერატურის შესწავლისა და გავრცელების უმთავრესი ენა რუსული იყო. ეს გარემოება იმითაც აიხსნება რომ XX საუკუნის ოციანი წლების დასაწყისიდან საქართველო როგორც რესპუბლიკა შემადგენელი ნაწილი იყო საბჭოთა რესპუბლიკების კავშირის უზარმაზარი და ძლიერი სახელმწიფოსი, რომელიც საუკუნის ბოლომდე მბრძანებლობდა აღმოსავლეთ ევროპაში და რომლის ოფიციალური და ფაქტობრივად გაბატონებული ენა რუსული იყო. ამიტომაც ბუნებრივია, რომ წინამდებარე მონოგრაფიის, რომელიც არსებითად სლავურ ენებზე ქართული მწერლობის შესწავლისა და გადატანის მიმოხილვითი და ბიბლიოგრაფიული მონოგრაფიაა, ცენტრალური ნაწილია ქართული ლიტერატურა რუსულ თარგმანებში და რუსულენოვან წიგნებსა და სტატიებში.

    მონოგრაფია ამ უმდიდრესი ლიტერატურის ბიბლიოგრაფიული დამუშავების პირველ ცდას და ამდენად დასაწყისს წარმოადგენს. წიგნის შემქმნელი ჯგუფი ქართული ლიტერატურის შესახებ ეძიებდა და საწავლობდა როგორც ცალკეულ ავტორთა მონოგრაფიულ გამოცემებს, ასევე უამრავ სამეცნიერო სამეცნიერო-პოპულარულ, თუ ოფიციალურ (პოლიტიკური, სოციალური და კულტურული შინაარსის) რუსულენოვან ჟურნალსა და გაზეთს, როგორიც იყო: «Новый мир», «Октябрь», «Звезда», «Нева», «Аврора»  და სხვა. ქართული ლიტერატურის საკითხების გაშუქებაში განზე არ რჩებოდა არც მრავალმილიონიანი ოფიციალური სამთავრობო გაზეთები: «Правда», «Известия», «Труд», «Комсомольская правда», «Неделья»… ქართული ლიტერატურის საკითხებს ფართოდ უხსნიდნენ გზას იმდროინდელი ლიტერატურული ჟურნალები და გაზეთები: «Литературное обозрение», «Литературная газета», «Вопросы литературы»… ცალკე აღნიშვნას მოითხოვს საგანგებო მრავალგვერდიანი კრებულები, როგორიცაა «Собеседник», «Перспектива». ძალზე მნიშვნელოვანი იყო საქართველოს რუსულენოვანი ლიტერატურული ორგანო «Литературная грузия». ამ ჟურნალში კანონზომიერად და თანმიმდევრულად იბეჭდებოდა რუს ლიტერატორთა თარგმანები და გამოკვლევები ქართულ მწერლობაზე. ისინი რუსეთში ცხოვრობდნენ, მაგრამ საკუთრივ რუსეთში ყველაფერს თავისუფლად ვერ წერდნენ და ვერ აქვეყნებდნენ. რუსულ ენაზე აჟღერდა არა მხოლოდ ქართული ლიტერატურის დიდი კლასიკოსები - შოთა რუსთაველი, დავით გურამიშვილი, ნოლოლოზ ბარათაშვილი, ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ვაჟა ფშაველა, გალაკტიონ ტაბიძე, გიორგი ლეონიძე, მიხეილ ჯავახიშვილი, კონსტანტინე გამსახურდია... არამედ მეოცე საუკუნის ქართული ლიტერატურის ძალზე ფართო სპექტრი: ი. აბაშიძე, გ. აბაშიძე, ს. ჩიქოვანი, ჭ. ამირეჯიბი, ნ. დუმბაძე, რ. ინანიშვილი, მ. ბარათაშვილი, კ. ბობოხიძე, ა. კალანდაძე, ტ. ტაბიძე, პ. იაშვილი, რ. მარგიანი, ა. ბელიაშვილი, ლ. სტურუა, ხ. ბერულავა, ა. ბელიაშვილი, ჯ. ჩარკვიანი, გ. დოჩანაშვილი, ო. იოსელიანი, ბ. ხარანაული, ი. ორჯონიკიძე, რ. მიშველაძე და სხვა მრავალი.

    ქართული ლიტერატურის ამ საუკეთესო ნიმუშების და თანაც სრული შემადგენლობით გადატანას რუსულ ენაზე ემსახურებოდნენ რუსული ლიტერატრურის ძალზე თვალსაჩინო წარმომადგენლები, როგორიც იყვნენ ა. ბალმონტი, ნ. ზაბოლოცკი,   ლ. ანენსკი, ს. სპასკი, ლ. ლეონოვიჩი, ბ. ახმადულინა, ა. ფიოდოროვი, ნ. ჩერნიშევსკი, ვ. ნოვიკოვი, კ. ზელინსკი, ბ. ლივშიჩი, ა. ტარკოვსკი, ნ. ტიხონოვი და სხვა მრავალი.

    ამ რუსულ ენაზე გადატანილი ქართული მწერლობის ბიბლიოგრაფიულ შესწავლას და რუსულ მწერლობაში მის მიმოხილვას ეძღვნება ჩვენი საცნობარო მონოგრაფია. სწორედ ამგვარი მიმოხილვითი შესწავლით და ბიბლიოგრაფიული კლასიფიკაციით არის აუცილებელი ამ დიდი და საუკუნოვანი ლიტერატურული ურთიერთობების შესწავლა. ამგვარ ”პერპექტიულ ბიბლიოგრაფიებს” (როგორც მათ რუსი ლიტერატურათმცოდნე პ. ბერკოვი უწოდებდა) ხშირ შემთხვევაში რეტროსპექტული ხასიათიც აქვს და ისეთ კრიტიკულ ან ნაკლებად ცნობილ ნაშრომებს წარმოაჩენს, რომელთაც საკითხის შემდგომ და პერსპექტიულ კვლევაში შეიძლება პრინციპული მნიშვნელობაც ჰქონდეს.

    წინამდებარე მონოგრაფიის ცენტრალური ნაწილი სწორედ ქართული ლიტერატურის შესახებ რუს ავტორთა შრომების და რუსულ ენაზე თარგმნილი ქართული ლიტერატურის ბიბლიოგრაფიებია.  ეს ბიბლიოგრაფიები, რომლეშიც მასალა შეტანილია უძველესი დროიდან XX საუკუნის ჩათვლით, რა თქმა უნდა ამომწურავი არაა. რუსულენოვანი სტატიების ბიბლიოგრაფია, რომელიც საკმაოდ სოლიდურია და 250-ზე მეტ ნაშრომზე მითითებას მოიცავს, ხოლო თარგმანთა ბიბლიოგრაფია 150-მდე გამოცემაზე მითითებას (თითოეულ გამოცემაში ხშირ შემთხვევაში ქართველ ავტორთა ლექსების ციკლებია წარმოდგენილი), რუსულ ენაზე ქართული ლიტერატურის შესწავლის ბიბლიოგრაფიისა და მიმოხილვის პირველი მნიშვნელოვანი ცდაა და დიდი დასაწყისი. საგანგებოდ უნდა მიექცეს ყურადღება იმას, რომ ეს ბიბლიოგრაფია ანოტირებულია. ყველა ნაშრომზე მითითება იქვე მოკლედ ანოტირებულია, რაც ფაქტობრივად მნიშვნელოვანი გზამკვლევია ამ ურთიერთობის მკვლევართათვის.

    საკუთრივ მიმოხილვა - ”ქართული ლიტერატურა რუსულ ლიტერატურათმცოდნეობაში” ქრონოლოგიურ პრინციპზე შედგენილი ისტორიაა ამ ხანგრძლივი კულტურული კონტაქტებისა, რომელიც იწყება უძველესი დროიდან - სავარაუდოდ XII საუკუნიდან, როცა რუსულ ენაზე  `ვარლაამ და იოასაფის ისტორია~ უნდა თარგმნილიყო ბერძნული ენიდან, ხოლო ამ უკანასკნელზე იგი ქართული სამყაროდან ქართველი მწერლის მიერ უნდა დამუშავებულიყო. ეს მიმოხილვა გრძელდება უძველესი ცნობებით რუსულ ლიტერატურაში საქართველოზე (”თქმულება დინარაზე”) და პირველი რუსი ავტორებით, რომლებიც საქართველოს მოიხსენიებენ და ქართულ ლიტერატურას ეხებიან (კარამზინი, ბოლხოვიტინოვი) და მთავრდება ქართულ-რუსული ლიტერატურული ურთიერთბების თანამედროვე მდგომარეობის შეფასებით. ამ ურთიერთობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია XX საუკუნე და არა მხოლოდ რუსულ ენაზე თარგმნილი და მიმოხილული ქართული ლიტერატურის ძეგლების სიმრავლით, არამედ რუს და ქართველ ლიტერატორთა ურთიერთობით. სრული პასუხისმგებლობით შეგვიძლია ვთქვათ, - მითითებულია მონოგრაფიაში, - რომ რუსი მეცნიერებისა და პოეტებისათვის ქართული ლიტერატურა განსაკუთრებული მოვლენაა. მათ იგი რუსეთის კულტურული და სამეცნიერო პროცესის განუყოფელ ნაწილად აქციეს. შეიძლება დაბეჯითებით ითქვას: არც ერთ ლიტერატურასთან არ ყოფილა რუსული ლიტერატურა დაკავშირებული ისე სისხლხორციელად, როგორც ქართულ ლიტერატურასთან. საუკუნეების განმავლობაში სწორედ საქართველოსა და ქართული ლიტერატურისკენ იყო მიპყრობილი საუკეთესო რუს პოეტთა, პროზაიკოსთა და ლიტერატურათმცოდნეთა მზერა. ნათქვამი იმას არ ნიშნავს, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის XX საუკუნის დასასრულიდან გართულებულმა პოლიტიკურმა ურთიერთობამ, რომელიც 2008 წელს რუსეთის საქართველოში შემოჭრით და ქვეყნის დიდი ნაწილის ანექსიით გაგრძელდა, არ მოახდინა გავლებნა ამ ძალზე ნაყოფიერ ლიტერატურულ ურთიერთობებზე. პირიქით: ბოლო ოცწლეულში, განსაკუთრებით კი 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ რუსულ-ქართული ურთიერთობები მკვეთრად შეიცვალა, რამაც ფაქტობრივად ორივე ქვეყნის კულტურა იზოლაციაში მოაქცია. ამ ხნის განმავლობაში რუსულ-ქართულ ურთიერთობებში უამრავი ნეგატიური მასალა დაგროვდა, განსაკუთერებით პერიოდიკასა და მედიაში, რაც ცალკე შესწავლკის საგანია. ურთიერთობის გაგრძელების მოსურნე კულტურის მუშაკთა ხმები სიძულვილისა და შეურაცხყოფის ნაკადში იძირება.

    რუსულ პრესაში ქართველთა ეროვნული ღირსების შეურაცხყოფის ცალკეული შემთხვევბი ყოველთვის იყო, რაც XIX საუკუნიდან დაწყებული ქართველ მწერალთა და ინტელიგენტთა დიდ პროტესტს იწვევდა. საკმარისია გავიხსენოთ ილია ჭავჭავაძის პუბლიცისტური წერილი ”კატკოვის პასუხად”, რომელიც გაზეთ «Московские ведомости»-ს  რედაქტორის მიხეილ კატკოვისადმი იყო მიმართული და გამოწვეული იყო ამ გაზეთის 1882 წლის ერთ ნომერში გამოქვეყნებული თბილისიდან მიღებული კორესპონდენციით, რომელიც თბილისის თეატრში გიორგი ერისთავის პიესის ”სამშობლოს” დადგმას და ამ ფაქტის ქართველთა ეროვნულ ზეიმში გადაზრდას ამასხარავებდა. აქვე შეიძლება გავიხსენოთ ბათუმის რუსულენოვან გაზეთში «Черноморский вестник»-ში 1896 წელს გამოქვეყნებული დამცინავი ინფორმაცია გაბრიელ ეპისკოპოსის დაკრძალვაზე ქართველთა ეროვნული გლოვისა. ამის გამო გაზეთის რედაქტორს ვინმე პალმს, ქართველმა მწერალმა დავით კლდიაშვილმა ლამის სამკვდრო-სასიცოცხლო ომი გამოუცხადა. რუსულ-ქართულმა XXI საუკუნის პოლიტიკურმა დაძაბულობამ ბევრ არაქართველ ჟურნალისტს მისცა ბიძგი რუსულენოვან პრესაში ქართველთა წინააღმდეგ ნაციონალური სიძულვილის გადმოღვრისა. ეს სიძულვილი ზოგ შემთხვევაში ქართული ლიტერატურის შედევრის "ვეფხისტყაოსნის” დამცინავი და დამამცირებელი ფიგურალური სახეების მოაზრებასა და დაბეჭდვაშიც გამოვლინდა: «Витязь без тигровой шкуры» («Независимая газета», 03.10.2000); «Витязь в мазутной шкуре» («Моск. коме.», 04.04.1998); «Витязь в кавказской шкуре» («Свободная газета», 17.16.2000); «Бальмонт в тигровой шкуре», (“Ex libris НГ”, 14.03.2002); «Витязь в махровой шкуре» («Завтра», 1997,XI, #47); «Жулик в тигровой шкуре», («Московские новости», 14-20.XII. 2000); «Витязь в крысиной шкуре» («Компромат», 2000, #10); «Витязь в рыбей шкуре» («Аргументы и факты», 2004, #22).

    მნიშვნელოვანი ნაწილი ქართული ლიტერატურის შესწავლისა სლავურ სამყაროში და ამდენად აღმოსავლეთ ევროპაში პოლონური ლიტერატურათმცოდნეობაა. სლავური ლიტერატურული სამყაროდან სწორედ პოლონურია, რომელიც ქართულ ლიტერატურასთან კავშირს უპირატესად უშუალოდ ახერხებს და არა რუსული ენის მეშვეობით. არ არის შემთხვევითი, რომ რუსთველის ვეფხისტყაოსნის პირველი ევროპული თარგმანი პოლონურენოვანი იყო და იგი ვარშავაში დაიბეჭდა, სწორედ პოლონური ლიტერატურათმცოდნეობა გამოირჩევა ვეფხისტყაოსნით თავისი შედარებით ადრეული დაინტერესებით: უწყვეტი ინტერესით ქართული პოეზიის შედევრისადმი, მეცნიერული ინტერესით რუსთველოლოგიური პრობლემატიკისადმი, რუსთველის პოეზიის პოლონურად ამეტყველებისათვის ქართველ ლიტერატორთა საუკეთესო წარმომადგენლების და ქართველოლოგთა კონსულტაციებისა და პოემის პწკარედული თარგმანების გამოყენებით. საკმარისია მითითება რამდენიმე ფაქტზე:

    რეზიუმე სრულად იხილეთ ბმულზე: ../upload/file/რეზიუმე.pdf

    ბიბლიოგრაფიების ელექტრონული ვარიანტი იხილეთ ბმულზე: ../upload/file/Bibliographie.pdf

 
DESIGNED BY CSTUDIO 2009