Title
 
Logo Image  
 
  • საერთაშორისო ქართველოლოგიური საზაფხულო სკოლა 2009

    2009 წლის ზაფხულის საერთაშორისო ქართველოლოგიური სკოლის მონაწილეთა რაოდენობა განისაზღვრა 8 სტუდენტით. ესენი იყვნენ:

    ტომას დანინგი (ირლანდია), იასუნო ტაკემურა (იაპონია),  პრშემისლავ ნოცუნი  (პოლონეთი), მაჰმეთ ნადირ აჯეთი (თურქეთი), სემა ბილგიჩი (თურქეთი), ალფერ საღლამი  (თურქეთი), რასელ ტრავენონ ჯონსი (დიდი ბრიტანეთი),  ერდოგან კარაშაჰი (თურქეთი).

    აღსანიშნავია ისიც, რომ წელს საზაფხულო სკოლის მონაწილეების ერთი ნაკადი (3 სტუდენტი და 1 ლექტორი) ჩამოსული იყო ყარსის კავკასიის უნივერსიტეტიდან, სადაც სულ რამდენიმე წელია, რაც დაარსდა ქართული ენის კათედრა. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ეს არაა პირველი შემთხვევა, როდესაც ენის გაღრმავების მიზნით სხვა ქვეყნებიდანაც ჩამოდიან უცხოელ სტუდენტთა ჯგუფები. ასეთი ჯგუფები ჩამოვიდნენ რამდენჯერმე გერმანიიდან, კერძოდ, იენის უნივერსიტეტიდან, სადაც პროფესორ ჰაინც ფენრიხის თაოსნობით მოქმედებდა ქართველოლოგიური განყოფილება. ასე იყო 2004 და 2007 წლებში, როდესაც პეტერბურგის უნივერსიტეტის ქართველოლოგიური კათედრის სტუდენტები ჩამოვიდნენ და მონაწილეობა მიიღეს ქართველოლოგიურ საზაფხულო სკოლაში.

    მოვიყვანთ რამდენიმე ამონაწერს წელს ჩატარებული სკოლის მონაწილეთა ინტერვიუებიდან:

    ალპერ საღლამი: მომხიბლა ქართულმა ლიტერატურამ, სტუმართმოყვარეობამ და სამზარეულომ.  კმაყოფილი ვარ იმითაც, რომ შესაძლებლობა მომეცა, ბევრ საინტერესო ადგილს ვწვეოდი. საქართველო მშვენიერი ქვეყანაა, განსაკუთრებით კი თბილისი მომეწონა. აქ ბევრი ისტორიული ადგილია. ბედნიერი ვარ, რომ ქართულ და თურქულ კულტურას ბევრი რამ აღმოაჩნდათ საერთო. აუცილებლად ვურჩევ ჩემს თურქ მეგობრებს, დაინტერესდნენ საზაფხულო ქართველოლოგიური სკოლით. 

    ნადირ აჯეთი: საქართველო პატარა ქვეყანაა, მაგრამ ქართველი ხალხის გული ძალიან დიდია. მომავალში სიამოვნებით ვიცხოვრებდი საქარველოში, კერძოდ, ანანურში. ჩემს თანამემამულეებსაც ვურჩევ, ეწვიონ საქარველოს.  ქართულის სწავლას აუცილებლად განვაგრძობ.

    სემა ბილგიჩი: ქართველებმა მომხიბლეს. ისინი გამრჯე, ალალი და თავდადებულები არიან. აქ ყველა პატივს სცემს ერთმანეთს. მომეწონა საქართველოს ბუნება. საითაც გაიხედავ, ყველგან ხე დგას, ყველაზე განსაკუთრებული კი, ვფიქრობ, ღვინოა! თურქეთში სხვებსაც უსათუოდ ვურჩევდი საქართველოში ჩამოსვლას და საზაფხულო სკოლის კურსის მოსმენას. ქართულის სწავლას არ შევწყვეტ. 

    პრშემისლავ ნოცუნი: საქართველო მდიდარი კულტურის მქონე ქვეყანაა, ხალხი საოცრად სტუმართმოყვარეა. ჩემი აზრით, აქ ყველაფერია, რაც ტურისტებს დააინტერესებთ. მინდა, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა მოინახულოს ეს შესანიშნავი ქვეყანა. ყველა ჩემს თანამემამულეს ვურჩევ, საქარველო მოინახულოს. თუ ისინი ქვეყნის ისტორიით, კულტურითა და ქართული ენით დაინტერესდებიან, საზაფხულო სკოლა საუკეთესო საშუალებაა იმისათვის, რომ ყველა ამ სფეროს შესახებ საჭირო ინფორმაცია მიიღონ.

    რასელ ტრავენონ ჯონსი: რთულია რამდენიმე სიტყვით გამოვხატო ის გრძნობა, რომელიც საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ მაქვს. ერთადერთი გზა იმისათვის, რომ ამ უკიდურესად კულტურულ, განათლებულ, მდიდარ და აქტიურ ერს გაუგო, ისაა, რომ ყოველივე თავად განიცადო. აქ ყველა ძეგლი, ყველა შენობა ისტორიულია. შუა საუკუნეების ტაძრებსა თუ უძველეს ციხეებს თითქმის ყველა ფერდობზე შეხვდებით. ქართველები სამართლიანად ამაყობენ თავიანთი კულტურული მემკვიდრეობით, ენით. საუკუნეთა განმავლობაში ქართულმა ენამ გაუძლო ოკუპაციას და შევიწროებას. ეჭვიც არ მეპარება, რომ იგი მომავალშიც განაგრძობს წინსვლასა და განვითარებას.

    ტომას დანინგი: ყველას ვურჩევ, რომ საქართველო მოინახულოს! ეს მართლაც არაჩვეულებრივი ქვეყანაა. ერთი სული მაქვს, კიდევ როდის ვესტუმრები მას! საზაფხულო სკოლაში სწავლას ყველა იმ ადამიანს ვურჩევდი, ვისაც სურს უკეთ გაიცნოს საქართველო, ქართველი ხალხი, შეისწავლოს ქართული ენა. აქ ჩამოსვლამდე მეგონა, შორიდანაც შესაძლებელი იყო საქართველოს გაცნობა. ახლა დარწმუნებული ვარ, რომ თუ გსურს, ეს ქვეყანა კარგად გაიცნო, მისი კულტურა შეითვისო და შეისისხლხორცო, საჭიროა აქ იყო და ყველაფერი თავად განიცადო. საზაფხულო სკოლამ ამის არაჩვეულებრივი შესაძლებლობა მომცა.

    იასუნო ტაკემურა: პირველი ასოციაცია, რაც საქართველოსთან დაკავშირებით მომდის თავში, არის სტუმართმოყვარე ხალხი, ენით აუწერელი სილამაზის მქონე ბუნება და უგემრიელესი საჭმელი. ქართველებს სხვა ხალხისგან, უპირველეს ყოვლისა, ის გამოარჩევს, რომ ყოველთვის მზად არიან დახმარებისათვის.

    დასასრულს უნდა აღინიშნოს, რომ ”საერთაშორისო ქართველოლოგიური საზაფხულო სკოლის” ჩასატარებლად ქართველოლოგიური სკოლის ფონდს პერიოდულად თანადაფინანსებას უწევს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ან საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრო. წელს საქართველოს მეცნიერებისა და განათლების სამინისტროსთან არსებულმა რუსთაველის ფონდმა გამოაცხადა საგრანტო კონკურსი, რომელზეც ქართველოლოგიურმა საზაფხულო სკოლამ საკუთარი პროექტი წარადგინა და გაიმარჯვა.

    ასე რომ, ქართველოლოგიური საზაფხულო სკოლის ორგანიზატორთა, პედაგოგთა და თანამშრომელთა წლევანდელ დიდ წარმატებაში, რაზედაც საქვეყნოდ ლაპარაკობენ უცხოელი სტუდენტები, რუსთაველის ფონდის მიზნობრივი საგრანტო პროექტის წვლილიც ძალზე მნიშვნელოვანია.

 
DESIGNED BY CSTUDIO 2009