Title
 
Logo Image  
 
  • ქართულ-საზღვარგარეთული ლიტერატურული ურთიერთობების კვლევის ისტორია

    (ელგუჯა ხინთიბიძის რედაქციით), თსუ ქართულ-საზღვარგარეთული ლიტერატურული ურთიერთობების ს/კ ლაბორატორია,  თბილისი, 2011 წელი
     
    სარჩევი

    შესავალი [ე. ხინთიბიძე, მ. ელბაქიძე] -- 3

    ქართულ-ბიზანტიური ლიტერატურული ურთიერთობების კვლევის ისტორია
    [ელგუჯა ხინთიბიძე, ნანა მრევლიშვილი] -- 12

    ქართულ-არაბული ლიტერატურული ურთიერთობების კვლევის ისტორია
    [მარინე თხინვალელი] -- 115

    ქართულ-სპარსული ლიტერატურული ურთიერთობების კვლევის ისტორია
    [გიორგი ლობჟანიძე] -- 134

    ქართულ-თურქული ლიტერატურული ურთიერთობების კვლევის ისტორია
    [ასმათ ჯაფარიძე] -- 161

    ქართულ-რუსული ლიტერატურული ურთიერთობების კვლევის ისტორია
    [მარინე ბეჟიტაძე, ირინა ჯავახაძე] -- 184

    ქართულ-გერმანული ლიტერატურული ურთიერთობების კვლევის ისტორია
    [ნელი საგინაშვილი] -- 286 

    ქართულ-ინგლისური ლიტერატურული ურთიერთობების კვლევის ისტორია
    [მარიკა ოძელი] -- 353

    ქართულ-ჩეხური ლიტერატურული ურთიერთობების კვლევის ისტორია
    [მაკა ელბაქიძე] -- 380

    ქართულ-სლოვაკური ლიტერატურული ურთიერთობების კვლევის ისტორია
    [მაკა ელბაქიძე] -- 413

    შესავალი
    ქართული ლიტერატურა ქართველთა კულტურული სამყაროს ერთი უმთავრესი სფეროა. ამ ლიტერატურას საუკუნოვანი ისტორია აქვს და მისი გენეზისი საუკუნეთა სიღრმეში იკარგება. ქართულმა ლიტერატურამ მოიტანა დღემდე ქართული სიტყვა თავისი აზრობრივი სიღრმით და გამომსახველობითი სისადავით, ქარცეცხლოვან საუკუნეებში გამოატარა ქართული ენა და ქართველ ხალხს შეუნარჩუნა ეროვნული მეობა. "ამ ლიტერატურამ, - წერს ერთი უცხოელი ქართველოლოგი, - მოახერხა აეღო საუკეთესო იმ დიდი ერებისა და იმპერიების კულტურული ცხოვრებიდან, რომლებიც საქართველოს და ქართველი ერის ასიმილირების გზით გაქრობას ცდილობდნენ, რომელთაც საუკუნეების მანძილზე ებრძოდა ქართული ეროვნული სული და ამ ბრძოლაში სასწაულებრივ გადარჩა." ქართული ლიტერატურის ერთი უმთავრესი მახასიათებელი სწორედ მისი ლოიალური, ტოლერანტული ურთიერთობაა სხვადასხვა ცივილიზაციებსა და სხვადასხვა ეპოქების ლიტერატურულ პროცესებთან. უმთავრესად სწორედ ამან განაპირობა ქართული ლიტერატურის წიაღში სასულიერო და საერო ლიტერატურული პროცესების ერთმანეთის პარალელურად განვითარება და თანაც მსოფლიო უმაღლესი კულტურული სტანდარტების დონეზე. ამან განაპირობა, რომ ქართული ლიტერატურულ-ფილოსოფიური აზროვნების მწვერვალში რუსთველის ვეფხისტყაოსანში ერთმანეთს შეუერთდა ქრისტიანულ-თეოლოგიური კონცეფცია, სპარსული ეპიკური სტილი, არაბული პოეზიის ლირიკული განცდა, ბერძნული ანტიკური სიბრძნე და ყველაფერი ეს ქართული ფენომენის უნიკალურ ხასიათებად გამოიძერწა. ქართული ლიტერატურული პროცესის ეს საუკუნოვანი სვლა მსოფლიოს დიდ ლიტერატურებთან მჭიდრო კონტაქტებით ხასიათდებოდა და დღევანდელი ფილოლოგიური მეცნიერება სწორედ ამ კონტაქტების კვლევით და მათი თავისებურებების გაანალიზებით იწყებს ამ დიდი ლიტერატურის შესწავლას. დღეისათვის ამ ლიტერატურული კონტაქტების მეცნიერული და საზოგადოებრივ-პოლიტიკური ასპექტების სრულყოფილი ანალიზი აუცილებელია არა მარტო ქართული ლიტერატურის ისტორიის სრული მეცნიერული კურსის ჩამოყალიბების თვალსაზრისით, არამედ ჩვენი ქვეყნის ეროვნული და პოლიტიკური ინტერესების თვალსაზრისითაც.

    ქართულ–საზღვარგარეთულ ლიტერატურულ ურთიერთობათა მეცნიერული კვლევა ჩვენში მხოლოდ XX საუკუნიდან იწყება. ეს კვლევა წარმატებულია უპირატესად ძველი ქართული ლიტერატურული პროცესის არსებითი პრობლემების ანალიზის ფონზე, რომელსაც ფრაგმენტულად მიჰყვება, აგრეთვე მეცნიერული ძიებანი ახალი და უახლესი ქართული ლიტერატურის პერიოდებისა ძირითადად ქართულ-ევროპული კულტურული ურთიერთობების კონტექსტში. ქართულ-საზღვარგარეთული ლიტერატურული ურთიერთობების ცალკეულ საკითხებს სწავლობდნენ ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის, გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის, სათანადო განყოფილებები და ფრაგმენტულად ჩვენი ქვეყნის სხვა კულტურული და სასწავლო დაწესებულებები. ქართულ-საზღვარგარეთული ლიტერატურული ურთიერთობების კვლევის ისტორია, როგორც ერთიანი სამეცნიერო კურსი, ჩვენში ჯერჯერობით დაუმუშავებელია. ქართული ფილოლოგიური მეცნიერების თანამედროვე ევროპული მეცნიერების პროცესში ინტეგრირება მოითხოვს კვლევის პრობლემატიკის სფეროში ჩამოყალიბებულ ქართველ და ევროპელ მეცნიერთა თვალსაზრისების ერთმანეთთან შეპირისპირებასა და მეცნიერულ ინტერპრეტირებას. პრობლემის სწორედ ამგვარ მეცნიერულ შესწავლას ეძღვნება წინამდებარე მონოგრაფია, რომლის მიზანია "ქართულ-საზღვარგარეთული ლიტერატურული ურთიერთობების კვლევის ისტორიის" მეცნიერული კურსისთვის სოლიდური საფუძვლის შექმნა. საკითხის ამ მიმართულებით დამუშავების პირველი ცდები თსუ ქართულ-საზღვარგარეთული ლიტერატურული ურთიერთობების ს/კ ლაბორატორიას უკავშირდება (2002 წ. ამ ლაბორატორიამ გამოსცა კრებული "ქართულ-საზღვარგარეთული ლიტერატურული ურთიერთობანი"). სწორედ ამ ლაბორატორიის ბაზაზე ჩამოყალიბდა სამეცნიერო ჯგუფი, რომლის პროექტმა "ქართულ-საზღვარგარეთული ლიტერატურული ურთიერთობების კვლევის ისტორია", მოიპოვა ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდის (რუსთაველის ფონდის) გრანტი 2009-2010 წლებისათვის (A 32-09), რომლის ბაზაზე შეიქმნა წინამდებარე მონოგრაფია. ჩატარებული კვლევის მოცულობაში აღმოჩნდა ქართულ-საზღვარგარეთული საუკუნოვანი ლიტერატურული კონტაქტების უმთავრესი სფეროები. კერძოდ, ქართულ-აღმოსავლური ლიტერატურული კონტაქტების სფეროდან – ქართულ-არაბული, ქართულ-სპარსული, ქართულ-თურქული; აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან - ქართულ-ბიზანტიური და ქართულ-რუსული ლიტერატურული ურთიერთობები; დასავლეთ ევროპის ქვეყნებიდან – ქართულ-გერმანული, ქართულ-ინგლისური, ქართულ-ჩეხური და ქართულ-სლოვაკური ლიტერატურული ურთიერთობები.

    მონოგრაფიის შექმნაში, რედაქტირებასა და კორექტურაში ჩართული იყო მთელი საგრანტო ჯგუფი. განსაკუთრებით ფასეულია თითოეული მონაკვეთის შემდეგ დართული ვრცელი სამეცნიერო ბიბლიოგრაფიები. დაინტერესებული სპეციალისტი შეძლებს წინამდებარე მონოგრაფიაში იპოვოს აქ წარმოდგენილი სფეროების მიმართულებით მითითება ძირითად სამეცნიერო ლიტერატურაზე. საკითხის მეცნიერული პროგრამირება და საბოლოო რედაქტირება მიმდინარეობდა ჩემს მიერ (პროფ. ე. ხინთიბიძე), კომპიუტერულ ოპერირებას ახდენდა დოქტორი ირინა ჯავახაძე. მონოგრაფიის ცალკეულ თავებზე მუშაობდნენ: ქართულ-ბიზანტიური – ელგუჯა ხინთიბიძე, ნანა მრევლიშვილი; ქართულ-არაბული – მარინე თხინვალელი; ქართულ-სპარსული – გიორგი ლობჟანიძე; ქართულ-თურქული – ასმათ ჯაფარიძე; ქართულ-რუსული – მარინე ბეჟიტაძე, ირინა ჯავახაძე; ქართულ-გერმანული – ნელი საგინაშვილი; ქართულ-ინგლისური – მარიკა ოძელი; ქართულ-ჩეხური – მაკა ელბაქიძე, ქართულ-სლოვაკური – მაკა ელბაქიძე.

    ქართულ-საზღვარგარეთული ლიტერატურული ურთიერთობების კვლევის სფეროებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია ქართულ-ბიზანტიური ლიტერატურული ურთიერთობანი. ამ ღრმა და ხანგრძლივი ლიტერატურული პროცესის შესწავლის ისტორია წინამდებარე მონოგრაფიაში დალაგებულია ქარველ მეცნიერთა მიერ ჩატარებული კვლევების მოკლე ანალიტიკური ანალიზით. გათვალისწინებულია თითქმის ყველა მეცნიერის წვლილი, რომლებმაც ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი სამეცნიერო გამოკვლევები გამოაქვეყნეს. ცნობილ მეცნიერთა მუშაობის ანალიზი შევსებულია იმ ძირითადი სამეცნიერო ცენტრის საქმიანობის მოკლე აღწერით, სადაც განსაკუთრებული ინიციატივით მიმდინარეობდა ქართულ-ბიზანტიური ლიტერატურული ურთიერთობების კვლევა. უფრო კონკრეტულად, დაწვრილებითაა მიმოხილული ბიზანტიურ-ქართული ლიტერატურული ურთიერთობების შემსწავლელ შემდეგ მეცნიერთა ნაშრომები: კორნელი კეკელიძის, შალვა ნუცუბიძის, სიმონ ყაუხჩიშვილის, მოსე გოგიბერიძის, ელენე მეტრეველის, ივანე ლოლაშვილის, რომან მიმინოშვილის, ვახტანგ ბააკაშვილის, ელგუჯა ხინთიბიძის, დამანა მელიქიშვილის, ლეილა დათიაშვილის, ნანა მრევლიშვილის, ვიქტორია ჯუღელის, ქეთევან ბეზარაშვილის, თამარ ოთხმეზურის, ედიშერ ჭელიძის, ლიანა კვირიკაშვილის, ვალერი ასათიანის, ალექსანდრე ალექსიძის, სოსო მახარაშვილის, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის, შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის თანამშრომელთა და სხვა მკვლევართა მიერ ამ მიმართულებით ჩატარებული სამეცნიერო საქმიანობა. მონოგრაფიის ეს მონაკვეთი ძირითადად მომზადდა შემდეგ მასალაზე დაყრდნობით: ე. ხინთიბიძის ქართულ-ბიზანტიური ლიტერატურული ურთიერთობის კვლევის ისტორიისათვის, თბ. 1982; ელენე მეტრეველი (1917-2003). ბიბლიოგრაფია (შემდგენელი გაგა შურღაია), თბ. 2007.; ნ. სოხაძის სტატია კრებულში `ქართულ-საზღვარგარეთული ლიტერატურული ურთიერთობანი~, I, თბ. 2001.; ანალიტიკურ-ბიბლიოგრაფიული სტატიები კრებულში `ბიზანტოლოგია საქართველოში~, თბ. 2007: თ. ოთხმეზურისა და ქ. ბეზარაშვილის, ნ. მახარაძისა და ნ. სულავასი.

    ქართულ-არაბული ლიტერატურული ურთიერთობა სათავეს საუკუნეების სიღრმიდან იღებს. იგი უშუალოდ VII საუკუნეს, არაბული ხალიფატის მიერ აღმოსავლეთ საქართველოს ექსპანსიის ხანას თუ არა, VIII საუკუნეს დანამდვილებით უკავშირდება. არაბულ-ქრისტიანული ლიტერატურის ქართულ ენაზე თარგმნა VIII-X საუკუნეებში, ყოველ შემთხვევაში X საუკუნის მეორე ნახევრამდე, ქართული ლიტერატურისათვის მსოფლიო ქრისტიანულ მწერლობასთან ურთიერთობის ძირითადი მიმართულებაა. ამ პერიოდში არაბულის გზით შემოსულია ქართულ მწერლობაში ქრისტიანული მწერლობის პირველხარისხოვანი ძეგლები, რომელთა ერთი ნაწილი შემდგომ ქართულიდან ბერძნული მწერლობის მეშვეობით შუასაუკუნეების ევროპული მხატვრული ლიტერატურის შედევრად ქცეულა (მაგალითად, ქართული "ბალავარიანი", ანუ ევროპული "ვარლაამი და იოასაფი"). მეორე ნაწილი კი ქართულ ენაზე შემონახულა და დღეს ბიზანტინისტიკისათვის ამ თხზულებათა დედნების თავდაპირველი სახის დადგენისათვის უაღრესად პრინციპული მნიშვნელობისაა. ასეთია სირიულ ენაზე დაწერილი თხზულება "ნისიმეს ცხოვრება"; იოანე მოსხის "სამოთხე", რომელიც ბერძნული "ლიმონარის" არაბულენოვანი ვერსიიდან "ალ-ბუსთანიდან" იღებს სათავეს, "იოანე ოქროპირის ცხოვრების" ძველი ქართული თარგმანი და სხვა მრავალი.

    არაბული საისტორიო წყაროები მნიშვნელოვან ცნობებს ინახავენ საქართველოს და საზოგადოდ კავკასიის ისტორიული გეოგრაფიის შესახებ ("იაკუთის ცნობები საქართველოსა და კავკასიის შესახებ”).

    ამ ურთიერთობების მეცნიერული კვლევა დაკავშირებულია ქართველოლოგიის დიდი წარმომადგენლების სახელებთან: ნიკო მარი, პაულ პეეტერსი, კორნელი კეკელიძე, გიორგი წერეთელი, გ. გარიტი, ბ. უტიე და სხვა. დიდი მასწავლებლების საქმე წარმატებით გააგრძელეს ა. ლეკიაშვილმა, ნ. ფურცელაძემ, რ. გვარამიამ, ნ. წაქაძემ, ე. სიხარულიძემ, ა. სილაგაძემ, გ. ლობჟანიძემ, ლ. მახაურმა.

    წინამდებარე მონოგრაფიაში პირველადაა მონოგრაფიულად შესწავლილი ქართულ-არაბული ლიტერატურული ურთიერთობების თანამედროვე ეტაპი, რომელიც ხასიათდება არა მხოლოდ არაბულიდან ქართულ ენაზე ლიტერატურული ძეგლების თარგმნით, არამედ უპირატესად ქართულიდან არაბულად ქართული მწერლობის საუკეთესო ნიმუშების გადატანით და პუბლიკაციით. უკანასკნელი ათწლეულების შენაძენია ქართულიდან თარგმნილი და არაბულ ქვეყნებში გამოქვეყნებული რუსთველის "ვეფხისტყაოსნის" (მთარგმნელი ნიზარ ხალილი), ნიკოლოზ ბარათაშვილის “ბედი ქართლისას”, (მთარგმნელი ნიზარ ხალილი), ილია ჭავჭავაძის “განდეგილის” (მთარგმნელი ნიზარ ხალილი), აკაკი წერეთლის “გამზრდელის” (მთარგმნელი ნიზარ ხალილი), ნოდარ დუმბაძის მოთხრობების, ნიკო ლორთქიფანიძის, კონსტანტინე ლორთქიფანიძის, ლეო ქიაჩელის, ოტია იოსელიანის, ერლომ ახვლედიანის მოთხრობების თარგმნა. უკანასკნელ ათწლეულებში ქართული მწერლობა გამდიდრდა არაბულიდან თარგმნილი ლექსებით. მთარგმნელები ნ. ფურცელაძე, თ. მარგველაშვილი, გ. ლობჟანიძე, მ. ანდრონიკაშვილი, ი. გრძელიძე, ნ. დოლიძე, ღადა ჯავიში და მ. თხინვალელი.

    ამ თარგმანთა შორის საგანგებოდ უნდა გამოიყოს როგორც კლასიკური არაბული ლიტერატურა ("ათას ერთი ღამე", "ქილილა და დამანა", "ყურანი"), ასევე მეოცე საუკუნის არაბი ავტორები: ალ-საბაჰი, ჯებრან ხალილ ჯებრანი, ალ-ოსმანი, ნაჯიფ მაჰფუზი, როდოპის მირამარი, მურიდ ალ-ბარღუთი.

    ქართულ-სპარსული ლიტერატურული ურთიერთობების მეცნიერული  კვლევის ისტორია, როგორც ჩვენს სამეცნიერო ლიტერატურაში სწორად არის შენიშნული, პეტერბურგის უნივერსიტეტიდან იწყება და ნიკო მარისა და ალექსანდრე ხახანაშვილის სახელებს უკავშირდება.

    ნიკო მარმა მართლაც ჩაუყარა საფუძველი ქართულ მეცნიერულ ირანისტიკას, სპარსული ენის, მწერლობის, განსაკუთრებით კი ქართულ-სპარსული ენობრივი და ლიტერატურული  კონტაქტების შესწავლას. მანამდე ვახტანგ მეექვსიდან მოკიდებული თეიმურაზ ბაგრატიონის, მარი ბროსეს, დავით ჩუბინაშვილის, მოსე ჯანაშვილის, ალექსანდრე ხახანაშვილისა და სხვა ქართველ მკვლევართა ნაშრომებში გვაქვს ცალეკეული დაკვირვება ქართულ- სპარსული ლიტერატურული ურთიერთობების საკითხებზე, სპარსულიდან თარგმნილი თხზულებების ზოგი ქართული ვერსიის გამოქვეყნების ცდა. მაგრამ სახელგანთქმული პეტერბურგის ორიენტალისტური სკოლის აღზრდილმა, მშობლიურ ქართული მწერლობის მცოდნე  ნიკო მარმა სულ სხვა, ივანე ჯავახიშვილის თქმით, `ევროპის დონეზე~ აიყვანა ამ პრობლემათა კვლევა. სწორედ აკადემიკოს ნიკო მარის მიერ განისაზღვრა ამ მიმართულების ზოგადი ხასიათი და გამოიკვეთა პრობლემები, რომლებზე მუშაობაც შემდგომ მისმა ქართველმა მოწაფეებმა და მოწაფეთა მოწაფეებმა უკვე თბილისის სახელმწიფო უნივერსტიტში წარმატებით განაგრძეს. მათ შორის განუზომელია ივანე ჯავახიშვილის, იუსტინე აბულაძის, კორნელი კეკელიძის, დავით კობიძისა და ალექსანდრე ბარამიძის მიერ შეტანილი წვლილი ირანულ-ქართული ურთიერთობების კვლევის სფეროში.

    ქართული ირანისტიკის მდიდარი სამეცნიერო ტრადიციები დღემდე გრძელდება. ქართულ-სპარსული ლიტერატურული ურთიერთობების კვლევა, ისევე, როგორც დარგის ბევრი მნიშვნელოვანი მაგისტრალური ხაზი, სრულიად ახალ სიმაღლეზე აიყვანეს ალექსანდრე გვახარიამ და მაგალი თოდუამ. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო დრომდე ირანში სათანადოდ არ იყვნენ ინფორმირებულნი ქართველ მეცნიერთა მიერ ირანისტიკაში შეტანილი წვლილისა და იმ უმნიშვნელოვანესი პრობლემების შესახებ, რომლებიც ჩვენს მეცნიერებს ამ დარგში წარმატებით ჰქონდათ ნაკვლევი და გადაჭრილი. ამიტომაც, შემთხვევითი არ იყო ის ფაქტი, რომ ირანის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს გახსნის დღიდან ბოლო ხანებამდე ჩვენს დიპლომატიურ მისიაში დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ქარული კულტურისა და კერძოდ ქართველ ირანისტთა ნაშრომ-ნაღვაწის პოპულარიზაციას.

    ირანში საქართველოს პირველი ელჩის პროფესორ ჯემშიდ გიუნაშვილის თაოსნობით 1996 წლიდან საქართველოს საელჩო პერიოდულად, ქართველ მწერალთა  და მეცნიერთა დაბადების თარიღებთან ანდა ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვან ისტორიულ მოვლენებთან დაკავშირებით აქვეყნებდა თემატურ გვერდებს, რომელიც მიზნად ისახავდა ირანელი მკითხველი საზოგადოების ინფორმირებას ჩვენს ისტორიასა და თანამედროვეობაზე, ქართული კულტურის უმნიშვნელოვანეს ტენდენციებსა და მსოფლიო მეცნიერებაში დამკვიდრებული კლიშეების მართებულობის თაობაზე. საგაზეთო სტატიების გარდა, წარმატებით მუშაობდა საქართველო-ირანის სამეცნიერო კულტურული ურთიერთობისა და თანამშრომლობის საზოგადოების გამოცემათა სერიით დასტამბული წიგნები, რომელთა შორის უმნიშვნელოვანესი იყო შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსნის" პირველი სპარსული თარგმანი (მთარგმნელი ფარშიდ დელშადი), რომელიც 1999 წელს, ვრცელი გამოკვლევითა და კომენტარებით, ცალკე, სოლიდურ ტომად დაიბეჭდა და ირანულ სამეცნიერო და ლიტერატურულ წრეებში დიდი გამოხმაურებაც გამოიწვია. ლაფსუსების, უზუსტობების, სტილისტური და აზრობრივი გადაცდენების მიუხედავად, ეს თარგმანი თუნდაც იმით არის მნიშვნელოვანი ჩვენთვის, რომ წარმოადგენს პირველ ცდას რუსთაველის გენიალური პოემის სპარსულ ენაზე ამეტყველებისა. ამ თვალსაზრისით მეტად მნიშვნელოვანი მოვლენა იყო 1998 წელს თეირანში საქართველოს საელჩოს თანადგომით "ვეფხისტყაოსნის" სრული პროზაული თარგმანის გამოცემა, რომელიც ინგლისური, არაბული, ტაჯიკური და გარკვეულწილად  რუსული თარგმანებიდან არის შესრულებული (მთარგმნელი იუსეფ ქაზემფური) და ენობრივი უბრალოებითა და სისადავით გამოირჩევა. იუსეფ ქაზემფურის ღვაწლი ქართულმა საზოგადოებრიობამ სათანადოდ დააფასა - თარგმანის გამოცემისთანავე მთარგმნელს საქართველოს სახელმწფო პრემია მიენიჭა.

    საქართველოს პოლიტიკური და სოციალური ურთიერთობა თურქეთთან საუკუნეებს ითვლის. ლიტერატურული კონტაქტები კი ამ ორ ქვეყანას შორის სულ რაღაც წინა საუკუნეში დაიწყო. მიჩნეულია, რომ ქართული ლიტერატურით
    სერიოზული დაინტერესება თურქეთში 1960 წლებიდან იწყება. და ქართულ ლიტერატურასთან კავშირი თავდაპირველად ევროპული ენების შუალედობით ხდება. 1969 წელს გერმანულიდან თურქულ ენაზე ითარგმნა ნოდარ დუმბაძის `მე ვხედავ მზეს~, რამაც თურქი მკითხველის დიდი ინტერესი გამოიწვია.

    ქართული ლიტერატურის წარდგენა თურქი მკითხველისთვის თურქი ინტელექტუალის აჰმედ მელაშვილის სახელსა და მოღვაწეობას უკავშირდება. ამ წარმოშობით ქართველმა თურქმა მწერალმა და ჟურნალისტმა ქართული კულტურის და ლიტერატურის თურქეთში პოპიულარიზაციას დიდი სამსახური გაუწია ქართული ლიტერატურის ნიმუშებით და საქართველოზე ენციკლოპედიური წიგნის გამოცემით. ქართული კულტურის, ენისა და ლიტერატურის თურქეთში პოპულარიზაციას დიდი სამსახური გაუწია ჟურნალმა `ჩვენებურებმა~, რომელიც ამ დანიშნულებას დღესაც ემსახურება. ამ ჟურნალის ირგვლივ შემოკრებილი ლიტერატურული და მეცნიერული საზოგადოების მიერ დღესაც დიდი პროპაგანდა ეწევა ქართული კულტურის და საქართველოს ისტორიის საკითხების მართებულად გაშუქებას თურქულენოვანი მედიის საშუალებით. თურქულად ითარგმნება ქართული ლიტერატურის როგორც კლასიკური ნიმუშები (რუსთველის, ილია ჭავჭავაძის, ალ. ყაზბეგის, მიხეილ ჯავახიშვილის), ასევე თანამედროვე ეპოქის ნაწარმოებები (ნოდარ დუმბაძის, ფრიდონ ხალვაშის და სხვა).

    გარდა ჟურნალ "ჩვენებურებისა", ქართული კულტურის პროპაგანდას დიდ სამსახურს უწევს ჟურნალი "ფიროსმანი". ქართულ ენაზე იბეჭდება სახელმძღვანელოები, ანბანი და ანდაზები და სხვა პედაგოგიური დანიშნულების ლიტერატურა ქართული წარმოშობის თურქი ახალგაზრდებისათვის.

    უკანასკნელი ათწლეულები გამოირჩევა თურქულიდან ქართულ ენაზე თარგმნილი ლიტერატურის პუბლიკაციებით. ქართულ ენაზე მთარგმნელები არიან სერგი ჯიქია, ნოდარ ჯანაშია, გურამ ბათიაშვილი, ვენერა ჯანგიძე, იბრაიმ გორგაძე, გივი ლუარსაბაშვილი, ნანა გვარიშვილი, ვიქტორ ჩიკაიძე, მაკა შონია, იმირ მამედლი, ლია ჩლაიძე, ირინა გოცირიძე, ნინო შენგელია, მაკა კიკნაველიძე, ოსიკო გვარიშვილი, ქეთევან ტომარაძე, მზია გაგნიძე, თამარ ალფენიძე, ნიკო ბარამიძე, ლელა დადიანი, ნანა კაჭარავა, მირიან მახარაძე. 

    ხანგრძლივი ისტორია აქვს ქართულ-რუსული ლიტერატურული ურთიერთობების კვლევას, რომელიც ჯერ კიდევ XIX საუკუნეში დაიწყო და განსაკუთრებული ინტენსივობით XX საუკუნეში გაგრძელდა. Eეს სფერო იმდენად მრავალმხრივი და მრავალპლანიანია, მასალა კი იმდენად უხვი და მრავალფეროვანი, რომ შეუძლებელია ოდენ ქრონოლოგიური თანმიმდევრობით ამ ურთიერთობათა კვლევის ისტორიის წარმოჩენა. შესაბამისად, მონოგრაფიაში საკმაოდ სოლიდური მოცულობის მასალა თემატური პრინციპით არის დალაგებული (რუსულენოვანი რუსთველოლოგია; თქმულება დინარაზე; კერები; XIX საუკუნე), რაც საშუალებას იძლევა თანმიმდევრულად წარმოჩნდეს ქართულ-რუსული ლიტერატურული ურთიერთობების კვლევის არსებითი ასპექტები.

    პირველი რუსული ნაშრომი საქართველოს ისტორიასა და კულტურაზე XIX საუკუნის დასაწყისში (1802 წელს) რუსეთში გამოვიდა. ევგენი ბოლხოვიტინოვის წიგნში "Историческое изоброжение Грузии в политическом, церковном и учебном ее состоянии" მოხსენიებული იყო შოთა რუსთაველი, მოტანილი იყო "ვეფხისტყაოსნის" რამდენიმე სტროფის თარგმანი, მოკლედ იყო წარმოდგენილი საქართველოს ისტორია, კულტურა, ეკლესიის მდგომარეობა და განათლების დონე. თუმცა ქართულ-რუსული ლიტერატურული ურთიერთობების მეცნიერული კვლევა პეტერბურგისა (ფრანგი ქართველოლოგი მარი ბროსე) და მოსკოვის უნივერსიტეტებში (პროფესორი ალექსანდრე ხახანაშვილი) იწყება და შემდგომ საქართველოში გადმოინაცვლებს. ამ სფეროში საყურადღებო გამოკვლევები აქვთ გამოაქვეყნებული კორნელი კეკელიძეს, იგორ ბოგომოლოვს (XIX საუკუნის 30-იანი წლების რუსულენოვანი რუსთველოლოგია, XIX საუკუნის ქართულ-რუსული ლიტერატურული ურთიერთობანი), ლევან მენაბდეს (რუსულენოვანი რუსთველოლოგია, ქართული კულტურის კერები რუსეთში), ტრიფონ რუხაძეს (ქართულ-რუსული ლიტერატურული ურთიერთობების ისტორია), თენგიზ ბუაჩიძეს და სხვ. აღორძინების ხანის რუსულ-ქართულ ლიტერატურულ ურთიერთობებს საგანგებო ნაშრომები უძღვნეს ნინო მახათაძემ, დავით ბრეგაძემ, გიორგი ტალიაშვილმა. რუსეთში მოღვაწე ქართველ მწერალთა რუსულ კულტურასთან მიმართების საკითხის კვლევაში დიდი წვლილი შეიტანა ალექსანდრე ბარამიძემ. განსაკუთრებით მრავალრიცხოვანია შრომები, რომლებიც XIX საუკუნის ქართულ-რუსული ლიტერატურული ურთიერთობების კვლევას ეძღვნება (ლევან ასათიანი, ანა ნიკოლაძე, იგორ ბოგომოლოვი, ვანო შადური, დავით გამეზარდაშვილი, თენგიზ ბუაჩიძე, შალვა კაშმაძე, ი. ენიკოლოპოვი, კკონსტანტინე მეძველია, პავლე ღუდუშაური, ოთარ ბაქანიძე, გურამ შარაძე). ისტორიული რეალობიდან გამომდინარე, ეს ურთიერთობები განსაკუთრებული ინტენსიურობით სწორედ ამ პერიოდში გამოირჩეოდა.

    არაერთი ნაშრომი ეძღვნება XX საუკუნის ქართულ-რუსულ ლიტერატურულ ურთიერთობებსაც (საკმარისია დავასახელოთ თუნდაც იგორ ბოგომოლოვის, გურამ ასათიანის, გიორგი მარგველაშვილის, მანუჩარ ანთაძის, გივი გვენეტაძის, გრიგოლ კაკიაშვილის, დიმიტრი თუხარელის, ლალი ავალიანის და სხვათა კვლევები), თუმცა განსახილველი საკითხის მასშტაბურობის გამო წინამდებარე მონოგრაფიაში მიმოხილვა არსებითად XIX საუკუნის მიწურულის ამსახველი მასალით წყდება.

    მონოგრაფიაში ცალკე ქვეთავი ეთმობა ქართულ-გერმანულ ლიტერატურულ ურთიერთობებს. უნდა ითქვას, რომ ქართული რეალიები და თემატიკა ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის მანძილზე ფიგურირებდა გერმანელ მემატიანეთა და ჟამთააღმწერელთა, დიპლომატთა და მოგზაურთა, მწერალთა და მეცნიერთა ნაშრომებში. იმთავითვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ ურთიერთობათა კვლევამ სისტემური ხასიათი XX საუკუნეში მიიღო.

    ნაშრომში ქართულ-გერმანული ლიტერატურული ურთიერთობების კვლევის ისტორია წარმოდგენილია, ერთი მხრივ, გერმანულენოვან მკვლევართა მიერ ქართული ლიტერატურის დამუშავებისა და ჩვენი ეროვნული ლიტერატურის პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი წვლილის წარმოჩენით, მეორე მხრივ კი ნაჩვენებია, თუ როგორ იყენებდნენ გერმანელი მწერლები ქართულ თემატიკას თავიანთ შემოქმედებაში (ანდრეას გრიფიუსი, ადამ ოლეარიუსი, ვერნერ ჰაპელი). აქვეა მოტანილია ცნობები ქართველოლოგიის სფეროში გერმანელი ავტორების მიერ ჩატარებული მუშაობის შესახებ. გადმოცემულია მათი დამოკიდებულება ჩვენი მწერლობის პრობლემატურ საკითხებზე, პერიოდებზე, მწერალთა შემოქმედებაზე. იმავდროულად, განზოგადებულია ქართველ მეცნიერთა და სიტყვის ოსტატთა შეხედულებანი გერმანულ მწერლობაზე, მის ცალკეულ წარმომადგენლებზე; გამოკვლევაში სათანადო ყურადღება ეთმობა ქართველ მკვლევართა მიერ გერმანული ლიტერატურის შესახებ  გამოქვეყნებული შრომების ანალიზს. აქცენტი უმთავრესად გადატანილია ფაქტების აღნუსხვასა და გამოთქმული მოსაზრებების ანოტირებაზე.

    განსახილველ თემაზე მუშაობისას გათვალისწინებულია ქართულ-გერმანული ლიტერატურული ურთიერთობების სფეროში აქამდე დაბეჭდილი მეცნიერული თუ პოპულარული გამოკვლევები - შ. რევიშვილის, გ. ხავთასის, დ. ლაშქარაძის, ზ. ჭარხალაშვილის, ნ. კაკაბაძის, ო. ჯინორიას, ვ. კავთიაშვილის და სხვა ქართველ  მკვლევართა  ნაშრომები, მონოგრაფია - "ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში” (თბ., 2003), რომელშიც წარმოდგენილია ქართულ_გერმანული ლიტერატურული ურთიერთობების შესწავლის ისტორია, ქართული ლიტერატურის შესახებ გამოქვეყნებული შრომებისა და ქართული ლიტერატურული ძეგლების თარგმანების ბიბლიოგრაფია.

    ქართულ-ბრიტანული კულტურული და ლიტერატურული ურთიერთობის ისტორია შორეული წარსულიდან იწყება. თავდაპირველად ეს ურთიერთობა სტიქიურად ვითარდებოდა, ხოლო XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან უფრო სისტემური ხასიათი მიიღო. დაახლოებით ამავე პერიოდს განეკუთვნება ამ ურთიერთობების კვლევის დასაწყისიც. ასე რომ, ამ დროიდან მოკიდებული, ერთი მხრივ, მრავალფეროვან ხასიათს იძენს ქართულ-ბრიტანული ლიტერატურული და კულტურული ურთიერთობის ფაქტები, ხოლო მეორე მხრივ, მყარ საფუძველზე დგება მათი მეცნიერული შესწავლა.

    ქართულ და ბრიტანულ კულტურასა და ლიტერატურას შორის ორმხრივი კავშირი არსებობს, რომელშიც მონაწილეობას იღებენ როგორც ქართველი, ასევე ბრიტანელი მწერლები, მთარგმნელები, ლიტერატურათ-მცოდნენი, თეატრალური მოღვაწეები. ქართულ-ბრიტანული ლიტერატურული ურთიერთობის კვლევის ამსახველი მასალა არაერთ ნაშრომში არის გამოვლენილი და მონოგრაფიულად შესწავლილი.  მათ შორის მნიშვნელოვანია ნ. ორლოვსკაიას, დ. ლაშქარაძის, გ. შარაძის, ლ. თაქთაქიშვილი-ურუშაძის, დ. ბარეტის, დ. მ. ლენგის, მ. პოლიევქტოვის, ქ. ვივიანის, ნ. ყიასაშვილის, მ. ოძელის  ნაშრომები; მონოგრაფია ,,ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში” ე. ხინთიბიძის რედაქციით (თბ., 2003), რომელშიც წარმოდგენილია ქართულ-ინგლისური ლიტერატურული ურთიერთობების შესწავლის ისტორია, ქართული ლიტერატურის შესახებ გამოქვეყნებული შრომებისა და ქართული ლიტერატურული ძეგლების თარგმანების ბიბლიოგრაფია.

    ქართულ-ბრიტანული კულტურული და ლიტერატურული ურთიერთობის კვლევა, ისევე როგორც თვით ამ ურთიერთობის ამსახველი ფაქტები, რამდენიმე თემატურ მიმართულებად შეიძლება დაიყოს. ნაშრომში ეს მიმართულებები ქრონოლოგიური და თემატური პრინციპით არის განხილული და გამოყოფილია იმ მეცნიერთა ღვაწლი, რომლებმაც იკვლიეს ლიტერატურათმცოდნეობის ეს სფერო და ხელი შეუწყეს მის სამეცნიერო დარგად და სასწავლო დისციპლინად ჩამოყალიბებას.

    ქართული თემატიკა ინგლისურ მწერლობაში შესწავლილი აქვთ ნატალია ორლოვსკაიას, ინესა მერაბიშვილს, დუდა გაწერელიას, აკაკი გაწერელიას, ირაკლი კენჭოშვილს, ელგუჯა ხინთიბიძეს.

    მონოგრაფიის სრულად გასაცნობად იხილეთ ბმული: ../upload/file/monografia.pdf

 
DESIGNED BY CSTUDIO 2009